ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცის განაპირას შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ლითონის ბადეები მიიტანეს. ქარელის მერის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები იმყოფებიან იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ბოძები დაამონტაჟეს. ამასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ისინი სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ. სუს-ის მიერ გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამასთან საკითხში გარკვევის შემდეგ აპირებს კომენტარის გაკეთებას პრემიერ-მინისტრი, რომელიც შიდა ქართლში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.