ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყება გადაიდო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება. გადაწყვეტილება სამინისტრომ მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო. სააღმზრდელო პროცესი 18 იანვრამდე გადაიდო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებშიც. მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არდადეგები გახანგრძლივდეს. სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებითაც მიმართავს. მათ შორისაა სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, სწავლის პროცესის აღდგენის შემდგომ საკლასო ოთახებისა და დერეფნების სველი წესით სისტემატურად დალაგება, ასევე შესაბამისი ხსნარებით მერხების, სკამებისა და სასკოლო ინვენტარის გაწმენდა. სკოლებმა სადეზინფექციო სამუშაოები არდადეგების პერიოდშიც უნდა ჩაატარონ.