ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ კვებას. სიცხეში ყველაზე სასარგებლო და ხარისხიანი პროდუქტებიც კი შესაძლოა რამდენიმე საათში ჯანმრთელობისთვის საშიშად იქცეს. ამის შედეგი შესაძლოა იყოს ინფექციური დაავადებები, საკვებისმიერი მწვავე მოწამვლები. ამასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიმართ ამ დროს განსაკუთრებულად უნდა იყოს გაზრდილი მოთხოვნები მათ მიერ ჰიგიენის წესებისა და ნორმების დაცვის კუთხით. პერსონალმა უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები და ხორცის, თევზის, ბოსტნეულისგან მომზადებული კულინარული პროდუქციის დამზადების მოთხოვნები.საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ქუჩაში შეძენილი „საფირმო“ სოუსები, შაურმა და სხვადასხვა სალათები, ნამცხვრები. ხაჭოსა და ხორცის გულსართი აუცილებლად უნდა ინახებოდეს მაცივარში. ცნობილია, რომ შენახვისა და რეალიზაციის წესების არასათანადოდ დაცვისას, საშიში ბაქტერიების გამრავლება ასეთ პროდუქციაში იწყება დამზადებიდან რამოდენიმე წუთში.