სისხლიანი გარჩევა წყნეთში - რესტორან წისქვილში მომხდარი დაპირისპირებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი ემზარ ზურაბიშვილი დააკავეს. კიდევ ერთ პირზე კი ძებნა მიმდინარეობს. საქმე სისხლიან გარჩევას ეხება რა დროსაც რესტორანში რამდენიმე პირი დაჭრეს, მათ შორის სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალჩინოსანი. დგინდება რომ 36 წლის ზურაბიშვილმა ციხეებზე ზედამხედველობის სამსახურის მაღალჩინოსანს, ჭაბუა გუშარაშვილს, თავის არეში საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზურაბიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. პოლიცია კი კიდევ ერთ პირს, ყოფილ პატიმარს, გიორგი ყანჩაველს ეძებს. მას სამი პირის დაჭრას ედავებიან, მათ შორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის. დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.