სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
მთავრობის განცხადებით, არჩევნებმა აჩვენა, რომ სირია, ათწლიანი ომის მიუხედავად, ნორმალურად ფუნქციონირებს, თუმცა ოპოზიცია და დასავლური ქვეყნები არჩევნებს განიხილავენ, როგორც მხოლოდ საშუალებას ბაშარ ალ-ასადისთვის, კიდევ ერთი, მეოთხე ვადით შეინარჩუნოს ძალაუფლება.
არჩევნებში ბაშარ ალ-ასადთან ერთად ორი კანდიდატი მონაწილეობს: მინისტრის ყოფილი მოადგილე აბდალა სალომ აბდალა და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მაჰმუდ აჰმედ მარეი. არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-მა, დიდი ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ სირიის არჩევნები „არც თავისუფალია და არც სამართლიანი".
ცნობისათვის, ბაშარ ალ-ასადი სირიის ხელისუფლებაში 2000 წლიდან არის, მამამისის ჰაფეზის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ქვეყანას 30 წლის განმავლობაში მართავდა. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ქვეყანაში 2011 წელს მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც 10-წლიან ომში გადაიზარდა. კონფლიქტის შედეგად ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, 11 მილიონი კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.