სინგაპურმა საზოგადოებრივ ადგილებში პატრულირებისთვის და ცუდი სოციალური ქცევის აღსაკვეთად პატრული რობოტების გამოცდა დაიწყო.
Reuters-ის ცნობით, სულ ორი ავტონომიური რობოტი გამოსცადეს, რომლებმაც ცუდი ქცევა, მათ შორის, COVID-19-ის უსაფრთხოების ზომების დარღვევა, აკრძალულ ადგილებზე მოწევა და ველოსიპედის არასწორი პარკირება უნდა გამოავლინონ.
ორი საპატრულო რობოტი, სახელად Xavier, აღჭურვილია კამერებით, რომლებსაც შეუძლიათ, გამოავლინონ ცუდი სოციალური ქცევა და რეალურ დროში სიგნალები მართვისა და კონტროლის ცენტრს გადასცენ. ისინი სინგაპურის ცენტრალურ ნაწილში მოძრაობენ, სადაც ფეხით მოსიარულეთა რაოდენობა დიდია.
სამკვირიან სატესტო რეჟიმში რობოტები როგორც სათვალთვალოდ, ისე საზოგადოების ინფორმირებისთვის იმუშავებენ, თუმცა, რობოტები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა საქმიანობაში არ ჩაერევიან.