ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი არა მხოლოდ პირველი აფროამერიკელი მილიარდერი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონია მთელ მსოფლიოში, რომელმაც პოპულარობით ელვის პრესლი, ბარაკ ობამა და თავად ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ჩამოიტოვა უკან.
უინფრის, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ და ეთაყვანებიან, ბევრი შეერთებული შტატების სიმბოლოდაც კი მიიჩნევს, რადგან სწორედ ის განასახიერებს ამერიკულ სულსა და წარმატებას. მეტიც, სამშობლოში მისი უფრო სჯერათ, ვიდრე პრეზიდენტის, რადგან საკმარისია რომელიმე წიგნს ან ფილმს გაუწიოს რეკომენდაცია, რომ ინტერესი მის მიმართ დაუყოვნებლივ იზრდება. ამბობენ, თითქოს 1998 წელს, როცა ერთ-ერთ გადაცემაში დანანებთ აღნიშნა, რომ შინაური პირუტყვის ცოფის გამო დიდხანს ვერ შეძლებდა ბურგერის დაგემოვნებას, ამერიკაში მეორე დღესვე დაეცა საქონლის ხორცის ფასი. მართალია, ფერმერებმა სასამართლოშიც კი უჩივლეს უინფრის, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, 2008 წელს პრაიმერისზე კი, სწორედ მისმა მხარდაჭერამ უზრუნველყო პრეზიდენტობის კანდიდატი ბარაკ ობამა მილიონზე მეტი ამომრჩევლის ხმით.
ამერიკელი სოციოლოგები დღესაც ინტერესით იკვლევენ ე.წ. „ოპრა უინფრის ფენომენს“, რადგან სიღატაკეში გაზრდილი გოგონას ისტორია, რომელმაც პრინციპებისა და მორალური ნორმების მკაცრი დაცვით, მხოლოდ საკუთარი შეუპოვრობის და შრომისმოყვარეობის წყალობით შეძლო წარმატების მიღწევა, მართლაც საოცრებას ჰგავს.