"სილქნეტისა" და "ჯეოსელის" აბონენტებს ტარიფი დროებით აღარ გაუძვირდებათ. ამის შესახებ, კომპანია "სილქნეტის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ცნობისთვის, კომპანია სატარიფო ცვლილებებს 1-ლი მარტიდან გეგმავდა.„სილქნეტის“ ცნობით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაანონსებულ კვლევის შედეგებს დაელოდება და დროებით, ტარიფებს აღარ გაზრდის. ამასთან, უცხოელი ექსპერტების საშუალებით თავადაც დამოუკიდებლად ჩაატარებს კვლევას.შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სილქნეტი" და "მაგთიკომი" ტარიფების გაზრდას გეგმავენ. თუმცა, კომუნიკაციების კომისია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და კომპანიებს მოუწოდა, რომ ტარიფების ზრდა დროებით შეაჩეროს. ამასთან, კომისიამ საცალო ბაზრის სეგმენტზე, მობილური თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლის დაწყებაც დაანონსა.რაც შეეხება მაგთის, ამ ეტაპზე, კომპანიას კომისიის საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია და შესაბამისად, უცნობია „მაგთიკომიც“ შეაჩერებს თუ არა ტარიფების ზრდას.