გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა ავტობუსებშიც დამონტაჟდება. აღნიშნული ერთ-ერთი პირობაა, რომელსაც თბილისის მერია ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერით ითხოვს. გარდა ამ მოთხოვნისა, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია კომპანიისგან ასევე ითხოვს, ყველა ავტობუსი ერთი მარკის და ერთი მოდელის იყოს და ისინი არანაკლებ 2018 წელს იყოს გამოშვებული.ამასთან, ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, რომლის გამოსახულების გამოტანა უნდა ხდებოდეს მძღოლთან არსებულ დისპლეიზე (მონიტორზე). ერთი კამერა მიმართული უნდა იყოს წინ - გზისკენ, მეორე - მძღოლისკენ, დანარჩენი კამერები უნდა იძლეოდეს ავტობუსის მთლიანი შიდა სივრცის მონიტორინგის შესაძლებლობას.