შვედი აქტივისტი გრეტა თუნბერგი ბარაკ ობამას შეხვდა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა იგი ვაშინგტონში მიიღო.
"შენ და მე, ჩვენ ერთი გუნდი ვართ", - ასე მიმართა ობამამ 16 წლის აქტივისტს.
შეხვედრის ამსახველი ვიდეო ობამას ფონდმა გაავრცელა, რომლის მიზანიც პლანეტის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. შეხვედრისას ბარაკ ობამამ და გრეტა თუნბერგმა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ისაუბრეს.
"ჩემი მესიჯი ახალგაზრდების მიმართ არის ის, რომ ვისაც სურს რაიმე დადებითი გავლენა მოახდინოს პლანეტაზე, უნდა იყოს კრეატიული. ძალიან ბევრი რამეა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ", - აღნიშნა შვედმა გოგონამ.
შეხვედრის შემდეგ ბარაკ ობამამ ტვიტერზე დაწერა, რომ გრეტა თუნბერგი უკვე არის ჩვენი პლანეტის უდიდესი დამცველი.
გრეტა თუნბერგმა 1 წლის წინ კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო აქციები სტოკჰოლმში მარტომ დაიწყო. მას მალევე გამოუჩნდნენ თანამოაზრეები და ყოველ პარასკევს ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მასშტაბურ აქციებს სახელწოდებით "პარასკევი მომავლისათვის" მართავდნენ. ისინი ევროპელ ლიდერებს კლიმატის ცვლილების შეჩერებისკენ მოუწოდებენ.