სასულიერო პირების განცხადებით, უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ძალით დაიკავეს. აღნიშნულ განცხადებას ისინი იმის გათვალისწინებით აკეთებენ, რომ უდაბნოს მონასტერი არის ქართულ მხარეს.
სასულიერო პირების ინფორმაციით, დავით გარეჯში სიმშვიდეა, თუმცა 14 ივლისს გარკვეული ტიპის ინციდენტს ჰქონდა ადგილი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის.
დავით გარეჯში მყოფი გიდის, ირაკლი მარუქაშვილის ინფორმაციით, დავით გარეჯში ქედის გარკვეულ ნაწილამდე მისვლა ვეღარ ხერხდება. მისი თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრიდან სიწმინდეები გადმოიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. თუმცა დეტალები ვინ ესწრება შეხვედრას, ვისი ინიციატივით იმართება და რა საკითხებს შეეხება ჯერჯერობით არ კონკრეტდება.