შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფიგურანტი მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.
როგორც სპეციალურ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბროცვაძემ განაცხადა შსს-ს კალანდიას მხრიდან დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ გაუჩნდა. მისივე განმარტებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოძიებას პოზიცია საბოლოოდ გაუმყარა და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობის შესახებ.