შინაგან საქმეთა სამინისტრო ორხევში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ერთი პირი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მუხაძის ქუჩაზე, ნათლულს წარსულში დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ამოღებულია ნივთმტკიცებად. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.