შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფოტო, რომელშიც ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ბადრი ესებუას გადაადგილება ჩანს, არა 27 ოქტომბერს, არამედ 6 ოქტომბერსაა გადაღებული. მათი ინფორმაციით, ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში.
"თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის - ბადრი ესებუას ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას. პოლიცია, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.