წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი პოლიციელზე თავდასხმის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით დაკავებულმა 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი წალენჯიღის მუნიციპალიტეტში დააკავეს, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია იარაღი. პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.