
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორი პირი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ინტერნეტ-ნარკომაღაზიებს ფლობდნენ როგორც ერთ-ერთ ინტერნეტ ნარკოპლატფორმაზე, ასევე, სოციალურ აპლიკაცია „ტელეგრამში“. აღნიშნული ონლაინ მაღაზიები სხვადასხვა სახის ე.წ. კლუბური ნარკოტიკის რეალიზაციას ახორციელებდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული 180 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს.
ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს. ასევე, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





