2 მარტიდან დღემდე პოლიციამ შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და ქვემო ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 11 პირი დააკავა.ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტზე მყისიერ და კანონის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას ახდენს," - ნათქვამია განცხადებაში და აქცენტი ორ შემთხვევაზეა გაკეთებული. განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს-ს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული პირი, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით, გორში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გარდა ამისა, სამართალდამცველებმა გორში კიდევ ერთი ოჯახში მოძალადე - 1991 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც ორსულ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.