შსს-ს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისთვის 2015 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულია 1971 წელს დაბადებული შ.ვ., რომელიც განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2015 წლიდან იძებნებოდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ძებნილ პირთა დაკავების სტატისტიკას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 132 პირი დააკავა, მათ შორის: ქურდობისთვის ძებნილი 41, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი 2 პირი, თაღლითობისთვის ძებნილი - 15 პირი, განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი - 3 პირი, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის ძებნილი - 8 პირი, სხვისი ქონების მითვისებისთვის ძებნილი 8 პირი, ყაჩაღობისთვის ძებნილი 1 პირი.