შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 ნარკორეალიზატორი დააკავა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ფონიჭალაში დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების გავრცელების სათავეში იდგნენ. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა ნარკორეალიზატორებზე ასაღებდნენ.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის "ჰეროინის" და "კოკაინის" საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა. პოლიციამ ასევე ბრალდებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ათეულობით შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.