შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ასაჯაროვებს.
ჩანაწერიდან ირკვევა, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ 112-ს ატყობინებს და პოლიციის გამოძახებას ითხოვს. ფოტოგრაფი 112-ის ოპერატოს განუმარტავს, რომ არაგვის ხიდზე მანქანით რამდენიმე ადამიანი მივიდა, ხელში გარკვეული საგნები ეჭირათ და თავს დაესხნენ იქ მყოფებს. იაკობ ბრეგვაძე ოპერატორს რამდენჯერმე სთხოვს, რომ პოლიცია რაც შეიძლება მალე მივიდეს.
მოგვიანებით, 112 კვლავ უკავშირდება ბრეგვაძეს და ლოკაციის დაზუსტებას სთხოვს, რა დროსაც ის აღნიშნავს, რომ შესაძლოა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც იყოს საჭირო. გარკვეული დროის შემდეგ კი ფოტოგრაფი გამოძახების გაუქმებას ითხოვს, ვინაიდან, მისი თქმით, ჩხუბი უკვე დამთავრდა.