შინაგან საქმეთა სამინისტრო, შპს „ონლაინ მეჯიქში“ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ონლაინ მეჯიქ" ე.წ. „რეფორმერი ფიტნესი" არ დაემორჩილა შეზღუდვებს და გააგრძელა სპორტული/სავარჯიშო დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც 10 000 ლარით დაჯარიმდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კომპანია კვლავ აგრძელებდა აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის გამოც, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.