შინაგან საქმეთა სამინისტრო 50 ოპერატიული დანიშნულების ავტომობილს ყიდულობს. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და 20%-ის ოდენობით შეიძლება შეიცვალოს. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული 50 ერთეული ოპერატიული დანიშნულების მქონე სატრანსპორტო საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და აღნიშნული უწყების სისტემაში შემავალი ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულებებისთვის არის განკუთვნილი.
სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერი 18 მარტს დაიწყო და 19 მარტს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 მილიონ 435 ათასი ლარია. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ავტომობილები უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.