შსს-ს ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უწყება მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკონ 112-ზე, რადგან ეს ფაქტი აფერხებს მუშაობის პროცესს, რის შედეგადაც, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება, მაშინ როდესაც წამები გადამწყვეტია, შეიძლება ვერ დაუკავშირდეს სასწრაფო დახმარებას.
"დარეკეთ, მხოლოდ მაშინ, როცა გესაჭიროებათ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო/სამაშველო სამსახურების დახმარება. ასევე, დაგვიკავშირდით კორონავირუსული სიმპტომების გამოვლენისთანავე, რათა მიიღოთ შესაბამისი კონსულტაცია ოჯახის ექიმისგან. 112 არის გადაუდებელი დახმარების ნომერი, კორონავირუსთან და მის მართვასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტიპის შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მთავრობის ცხელ ხაზს - 144", - აღნიშნულია ინფორმაციაში.