"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მაუწყებლის თანამშრომლებს ხვდება თანამშრომლების ნაწილის შრომითი ხელშეკრულების ცვლილებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად, ესწრებიან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მენეჯმენტის წარმომადგენლებიც. შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილს აცნობეს, რომ საათობრივი ანაზღაურება ექნებათ. საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულებს 4 სექტემბრამდე აქვთ ვადა, რათა ხელმძღვანელობის ახალ შეთავაზებას დასთანხმდნენ. მაუწყებლის თანამშრომლების ამ ნაწილის შეფასებით, ანაზღაურების ახალი, საათობრივი სისტემა ბუნდოვანია და გაურკვეველია. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოვლინდა, რომ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან სამსახურში დასწრება არის უაღრესად დაბალი, ნაწილს კი უფიქსირდება მოკლე დროის მონაკვეთით გამოცხადება. ამასთან განცხადების მიხედვით, თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, რისი დამადასტურებელი მონაცემებიც არსებობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, გამოიკვეთა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სამუშაო გრაფიკები/ცვლები არაეფექტიანად და არასამართლიანად ანაწილებდა თანამშრომლების დატვირთვას.