შრომის უსაფრთხოების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ის ახალი რეგუალიეციები განიხილეს, რომელიც 1-ლი აგვისტოდან მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდა. მწარმოებლებს, რომლებიც ამ კატეგორიაში შედიან, ვალდებულება აქვთ 15 ნოემბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია საქმიანობის შესაბამისი კლასიფიკატორის მიხედვით განისაზღვრება. ხოლო, მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობებისა და შესაბამისი კლასიფიკატორების ნუსხა განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე.კომპანიებს რეგისტრაციის ვალდებულება შრომის უსაფრთხოების კანონის ფარგლებში დაეკისრათ. რეგულაციები მიზნად ისახავს სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვას, ასევე პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების დროული გამოვლენასა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას . აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის გარეშე სამუშაოების განხორციელება არ ათავისუფლებს დაწესებულებას კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან.