2016 წლის მეოთხე კვარტალში შრომის ნაყოფიერება 2.2%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ვაჭრობისა და დამამუშავებელი მრეწველობის ხარჯზე მოხდა. ეროვნული ბანკის მაისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, შრომის ნაყოფიერება სოფლის მეურნეობასა და ინდუსტრიულ დარგებში შესაბამისად 1.4% და 2.3%-ით გაიზარდა, ხოლო მომსახურების დარგებში 1.4%-ით შემცირდა. ინდუსტრიული დარგების შრომის ნაყოფიერება, მეტწილად, მრეწველობის ხარჯზე გაიზარდა. მრეწველობაში დასაქმებულთა რიცხვმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.7%-ით, ხოლო ერთ დასაქმებულზე წარმოებულმა რეალურმა დამატებულმა ღირებულებამ 3.7%-ით მოიმატა. მრეწველობიდან გამოირჩევა დამამუშავებელი მრეწველობა, სადაც რეალური დამატებული ღირებულების ზრდამ 6.7% შეადგინა.