შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. საუბარია სიჩქარის გადაჭარბებაზე, მანქანის არასწორად გაჩერებაზე, ვიდეოკამერებით დაფიქსირებულ დარღვევებზე ქულების ჩამოკლებასა და ნასვამ მძღოლებზე. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ასევე დაგეგმილია დამატებით 5 ათასი კამერის დამონტაჟება. საუბარია სხვადასხვა ტიპის კამერაზე. კერძოდ: ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და სხვა. ასევე იგეგმება საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის ზრდა როგორც თბილისში, ისე რეგიონების მასშტაბით. საკანონმდებლო ცვლილება უკვე მომზადებულია. ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ვიდეოკამერებით დაფიქსირებული ჯარიმების ქულათა სისტემაზე მიბმას პარლამენტის წევრთა უმეტესობა არ ეთანხმება.