შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. როგორც ღონისძიებაზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია. მინისტრის თქმით, 2024 წლისთვის სრულად ამოქმედდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები, რომლებითაც მკაფიოდ გაიმიჯნება გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებები, 2025 წელს დასრულდება კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი 2023 წელს მოიცავს თბილისსა და მსხვილ ქალაქებს, ხოლო 2030 წლისთვის – მთელ ქვეყანას. პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.