ევროკავშირში გამართული შეხვედრების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მოლაპარაკებები ნატოს შტაბბინაში გამართა. ის ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენციაც. საქართველო ნატო-ს უაღრესად დაფასებული პარტნიორია, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ „გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად“. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რაც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს.