"ჩვენ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას მოვითხოვთ. შეწყდეს ეს მარაზმი, რომელიც ახლა კობაურის მიმართ გრძელდება" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობისა და გაუპატიურების საქმეში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უსუსურია. დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე მოითხოვს აღნიშნული საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. "იმედი მაქვს, ეს საქმე განწირულია წაგებისთვის ბრალდების მხარისთვის და აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება. ჩვენ ჩამოვყალიბდით და დღეს მოვითხოვთ, რომ აღნიშნული საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენს კლიენტს" - აცხადებს კობაიძე.