ბრაზილიის დედაქალაქში, ქვეყნის პრეზიდენტ, მიშელ ტემერის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებით დასრულდა. თავდაპირველად აქცია მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ აქციის მონაწილეები პარლამენტის, პრეზიდენტის რეზიდენციისა და უზენაესი სასამართლოს შენობების მიმართულებით დაიძრნენ. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიერ გაკეთებული კორდონი გაარღვიეს, რის შემდეგაც სამხედრო პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. თავის მხრივ, აქციის მონაწილეებმა ბარიკადების აშენება დაიწყეს, რომელსაც შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს და პოლიციელებს ბოთლები და ქვები დაუშინეს. ბარიკადებიდან ცეცხლი ბრაზილიის ფედერალური უწყებების შენობებზე გადავიდა. ხანძრის შედეგად დაზიანდა სოფლის მეურნეობის, დაგეგმარებისა და კულტურის სამინისტროების შენობები, რამდენიმე უწყება კი, გაძარცვეს.
შეტაკებების შედეგად 49 ადამიანი დაშავდა. 7 დემონსტრანტი კი - სახელმწიფო ქონებისთვის ზიანის მიყენების, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის მონაცემებით, აქციის მონაწილეების რაოდენობა 35 ათას ადამიანს შეადგენდა, ორგანიზატორების თქმით კი, 150 ათასს.