იბეროსტარ ტენერიფეს 30 წლის ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა. ქართველ ცენტრს ეს პატივი უკვე მესამედ ერგო და თანაც, სამივე შემთხვევა დასკვნით ხუთ ტურში დაფიქსირდა.შეგახსენებთ, რომ ქართველმა ცენტრმა ამჯერად თავი ბექა ბურჯანაძის გრან კანარიასთან მოგებულ მატჩში გამოიჩინა, როდესაც 32 ქულა ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 42-ს გაუტოლდა და ორივე ეს მაჩვენებელი გიოს ესპანურ კარიერაში საუკეთესო იყო. გიო შერმადინი პირველი კალათბურთელია, ვინც ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში ტურის საუკეთესო კალათბურთელად მესამედ დაასახელეს და დიდი შანსია, თვის MVP-ს ტიტულიც ერგოს, რადგანაც 2 აღიარება სწორედ დეკემბერში ჩატარებულ მე-12 და მე-14 ტურებში ერგო.