ევროლიგაში რეგულარული სეზონის ბოლო ტურის თამაშები გაიმართა. სეზონი პარასკევის ოთხი მატჩით დასრულდება, თუმცა ქართველთა გუნდებმა უკვე ითამაშეს. თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე ბოლოს მოსკოვში მე-15 ტურში ხიმკის წინააღმდეგ ითამაშა, მას მერე ტრავმა მას 30-ე ტურამდე თამაშის საშუალება არ მისცა და აი, ის ისევ მოსკოვში დაუბრუნდა ტურნირს - ბასკონია ცსკა-ს ესტუმრა, უგებდა კიდევაც, მაგრამ ბოლოს რუსული კლუბის შემოტევებს ვეღარ გაუძლო და 78:82 დათმო. ბასკონია ამით კინაღამ პლეი ოფს მიღმა დარჩა. ბასკებისთვის საბედნიეროდ, დამარცხდა მისი კონკურენტი ოლიმპიაც და ამიტომ, ბასკონია ბრძოლას აგრძელებს.გადამწყვეტ მომენტში ვერც გუნდის ქართველმა კაპიტანმა იყოჩაღა, მან ჯერ შეტევაში მიიღო პერსონალური შენიშვნა, მერე კი ტექნიკურიც. შენგელიამ 17 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 1-1 პასი და ჩაჭრა მიითვალა. ეს მისთვის სეზონის ანტირეკორდის გამეორებაა.