უბედური შემთხვევა ქარელში - სოფელ ზემო ხვედულეთში სანადირო თოფიდან გასროლილ ტყვიას 23 წლის სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახალგაზრდა უქმეებზე ოჯახთან იყო ჩასული. თანასოფლელი, რომლის ნასროლ ტყვიასაც ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა, თემურ თედოზაშვილია. ირკვევა, რომ ის მოკლულისგან 100-150 მეტრის მოშორებით იდგა, როდესაც გასროლა განახორციელა. აგილობრივები ამბობენ რომ ბრალდებული მკვლელობის ადგილზე გამთენიისას იმისთვის იმყოფებოდა, რათა ნაკვეთში ნადირი შეენიშნა. მათივე თქმით, სოფელში დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ადგილობრივი მონადირეები გარეული ღორის დაჭერას ცდილობდნენ და მოსახლეობის ნაწილის აზრით, შესაძლოა შემთხვევითი გასროლა სწორედ ამას უკავშირებდოდეს. თავად ბრალდებული კი, პოლიციას თავად ჩაბარდა. პოლიციამ საგამოძიებო ექსპერიმენტი უკვე ჩაატარა. თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილი თავად აჩვენა. ის მომხდარზე არ საუბრობს. მომხდარზე პოლიცია გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.