ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და ოპოზიცია შექებას იმსახურებს იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნა სცადეს. მისი თქმით, საქართველოში, ქართველი ხალხის სახელით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული.
"ვიცი, კვლავ არის გარკვეული საკითხები მოსაგვარებელი, თუმცა მთავარი თემა მოახლოებული არჩევნებია. ვიმედოვნებ, რომ მანდ ვიქნები ოქტომბერში, როგორც დამკვირვებელი. ეს დამოკიდებულია მიმოსვლაზე, ასევე, კონგრესის სამუშაო გრაფიკზე. კიდევ ერთხელ, შექებას იმსახურებს განსაკუთრებით, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობა, ოპოზიცია, რომლებსაც ძალიან რთულ დროში მოუწიათ გავლა და ეცადნენ, გამოსავლის მოძებნას. შესაძლოა, ეს გამოსავალი ყველას არ მოეწონოს, თუმცა დემოკრატია სწორედ ეს არის", - განაცხადა კინზინგერმა ონლაინ პრესკონფერენციაზე.
იგი შესავალ სიტყვაში საუბრისას ანაკლიის პორტის საკითხსაც შეეხო.
"ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ვესაუბრე საქართველოს მთავრობას და როგორც მითხრეს, ისინი დაინტერესებულნი არიან ამერიკული ინვესტიციით ამ პროექტში. იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ამ პროექტის განხორციელება", - განაცხადა კინზინგერმა.