ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს უნივერსალური ტესტი CancerSEEK, რომელიც რვა, ყველაზე მეტად გავრცელებული სიმსივნის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. სიმსივნური უჯრედები გამოყოფენ სახეშეცვლილი დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას უბნებსა და ცილა-ონკომარკერებს.ახალი ტესტის მოქმედების მექანიზმი სწორედ სისხლის პლაზმაში რვა ონკომარკერისა და 16 გენში არსებული მუტაციის გამოვლენის შესაძლებლობას ეფუძნება.მეცნიერებმა გამოიკვლიეს 10 00 პაციენტი, რომლებსაც დასმული ჰქონდათ კუჭის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის, საყლაპავის, ღვიძლის, საკვერცხის, ფილტვისა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი. CancerSEEK ანალიზმა პათოლოგია გამოავლინა პაციენტთა 70 %-თან, მგრძნობელობის შემდეგი მაჩვენებლით _ 98 % -დან -33 %-მდე . ადრეულ სტადიაზე პათოლოგია შემთხვევათა 40 %-ში გამოვლინდა. ტესტის სპეციფიკურობა კი 99 %-ს შეადგენდა. სიმსივნური პათოლოგიის ადრეულ სტადიაზე გამოვლენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადებასთან ბრძოლისა და პაციენტთა გადარჩენის კუთხით. შესაბამისად, ამ ახალ ტესტზე მკვლევარები დიდ იმედებს ამყარებენ. მეცნიერები კვლევების გაგრძელებას გეგმავენ, რადგან ტესტის ეფექტურობის საბოლოო შეფასებისთვის, აუცილებელია მისი მგრძნობელობის განსაზღვრა-შესწავლა პაციენტთა დიდ ნაწილთან ადრეულ ანუ სიმსივნის უსიმპტომო სტადიაზე.