ნოემბრის ბოლო პარასკევი, თითქმის მთელ მსოფლიოში, ფასდაკლებების დღეა. Black Friday - ანუ შავი პარასკევი უკვე მრავალი წელია მომხმარებლებისთვის და კომპანიებისთვის განსაკუთრებულ ტრადიციას წარმოადგენს. ბევრი ადამიანი საშობაო ვაჭრობას სწორედ ამ დღიდან იწყებს. ეს ისტორია ამერიკიდან იღებს სათავეს და სწორედ ამიტომ აშშ-ს რამდენიმე შტატში პარასკევი დასვენების დღეა.
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით პირველად ტერმინი - „შავი პარასკევი“, აშშ-ში მეცხრამეტე საუკუნეში, კერძოდ 1869 წელს გამოიყენეს და თავდაპირველად მას ფასდაკლებებთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ვებ გვერდმა - History.com რამდენიმე წლის წინ ამ თემაზე საინტერესო სტატია გამოაქვყენა. 1864 წლის 24 სექტემბერს, ამერიკის ოქროს ბირჟაზე კრიზისი დაიწყო, რის გამოც ბევრი ადამიანი გაკოტრდა და სწორედ ამ დღეს უწოდეს „შავი პარასკევი“.
კიდევ ერთი მოსაზრებით, ნოემბრის თვის ბოლო პარასკევს - „შავი პარასკევი“, 1950-იან წლებში, მადლიერების დღის (Thanksgiving) მეორე დღესთან დაკავშირებული საცობების გამო დაერქვა. დროთა განმავლობაში, ამერიკაში, ეს დღე ფასდაკლების დღედ იქცა და ტრადიცია ევროპისა და აზიის ქვეყნებშიც დამკვიდრდა.ონლაინ ვაჭრობის სტატისტიკა ყოველწლიურად მზარდია. მომხმარებლები მაღაზიებთან დიდ რიგებში დგომის ნაცვლად, სახლიდან შოპინგს ანიჭებენ უპირატესობას. 2020-მა წელმა და პანდემიამ სხვადასხვა საქმიანობები და მათ შორის შოპინგი ონლაინ სივრცეში გადაიტანა. კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად ონლაინ შოპინგი წელს განსაკუთრებით აქტუალურია.