შავ ზღვაში ქერჩის სრუტესთან ახლოს ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემები დაიწვა, შედეგად სულ მცირე 11 ადამიანია დაღუპული. რუსი მაშველები დანარჩენების გადარჩენას ცდილობენ, ამ დრომდე 14 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი გემი გაზის ტანკერია, სადაც ცეცხლის გაჩენას აფეთქება მოჰყვა. ხანძარი მეორე გემსაც გადაედო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ერთი გემი მეორეს საწვავს აწვდიდა. ერთი გემის სახელწოდებაა "ქენდი", მეორესი კი "მაესტრო", ორივე გემზე თურქეთის და ინდოეთის 31 მოქალაქე იმყოფებოდა.