ევროსაბჭოს ასამბლეის წევრები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიs გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ასამბლეის დეკლარაციაში, რომელსაც ხელს რამდენიმე დეპუტატი აწერს, ნათქვამია, რომ რამდენიმე დამოუკიდებელმა ექიმმა სააკაშვილის ციხეში გასინჯვის შემდეგ დაადასტურა მთელი რიგი დაავადებები და მისი მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა. დეპუტატები შეშფოთებული არიან, რომ არ შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველის რეკომენდაციები და მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე კლინიკაში არ გადაიყვანეს. მათი განცხადებით, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს დემენცია, სხვადასხვა ორგანოს უკმარისობა და პაციენტის სიკვდილიც. ევროსაბჭოს ასამბლეის წევრების განცხადებას უპასუხეს მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება 20-მდე პოლიტიკოსის ხელმოწერილი წერილია და ეს არ არის მთელი ასამბლეის მოწოდება. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ექს პრეზიდენტის გადაყვანის საკითხზე განმსაზღვრელია საქართველოს კანონმდებლობა და გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვერ მიიღება.