ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულ ვერონიკა არონიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2500-ლარიანი გირაო შეეფარდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას, დაცვის მხარე კი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ვერონიკა არონიამ გამოძიება შეცდომაში შეიყვანა და გამოძიების წინაშე სამჯერ გამოკითხვისას მის მიერ გამოგონილ ამბავს მოჰყვა.
საქმე ეხება ვერონიკა არონიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის 15 ივლისს, ვარკეთილში, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ 4 პირის საუბარს შეესწრო, რომელიც შაქარაშვილის საქმეს შეეხებოდა. პროკურატურის შეფასებით, აღნიშნულმა მოქალაქემ ცრუ ინფორმაცია საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენის და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით გაავრცელა.