ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას ედავებიან, აცხადებს, რომ ჩხუბის არცერთ ეპიზოდში მონაწილეობა არ მიუღია და პირიქით, კონფლიქტიდან გარიდებას ცდილობდა.
როგორც ტატიაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, კონფლიქტს გარიდებულს და თბილისში ჩასულს, მას ახალგაზრდებმა მცხეთაში დაბრუნება და მეგობრების წამოყვანა სთხოვეს. ის ასევე საუბრობს „ასკანელის“ მწვრთნელზე - ნიკა ჟვანიაზე, რომელსაც სპორტსმენის ჩვენებითვე, რკინის ხელკეტი ჰქონდა. გამომძიებლის კითხვაზე, იცნობდა თუ არა ის გიორგი შაქარაშვილს, ძიუდოისტი პასუხობს, რომ არ იცნობდა და ისიც კი არ იცის, კონკრეტულად რომელი პიროვნება იყო დაბადების დღის სტუმრებიდან.