გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი 25 მარტს დაარსებიდან 15 წლისთავს აღნიშნავს. იუბილე ცენტრისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სტატუსის მინიჭებითა და სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის დაწყებით აღინიშნა. საზეიმო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. ცერემონიაზე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ სერჟანტთა აკადემიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე-პოლკოვნიკ მიხეილ გოგნაძეს აკადემიის ახალი საბრძოლო დროშა გადასცა. ღონისძიების დასასრულ დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის გამო, ჯილდოდ საშტატო იარაღი გადასცა. სერჟანტები ასევე, დაჯილდოვდნენ მედლებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკლო სამსახურისთვის.