ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში მადრიდის რეალმა აიაქსს სტუმრად 2:1 მოუგო და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. მატჩის 89-ე წუთზე მადრიდელთა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ის აიაქსთან საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს. უეფამ ამ უხეშობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ვარაუდობს, რომ ესპანელმა ეს ბარათი განზრახ აიღო. თუ რამოსს ბრალი დაუმტკიცდება და გაირკვევა, რომ მან ბარათი განზრახ მიიღო, ის ორ მატჩს გამოტოვებს. რეალის მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, კაპიტანი გუნდს მეოთხედფინალის პირველ მატჩშიც ვერ დაეხმარება.