Netflix-ის პოლიტიკურმა ტრილერმა "ბანქოს სახლი", რომელმაც "ოქროს გლობუსის" პრემია და 2015 წლის საუკეთესო სერიალის ტიტული მოიპოვა, მილიონობით თაყვანისმცემელთან ერთად თავად ბილ კლინტონი და ბარაკ ობამაც აღაფრთოვანა.
პროექტზე მუშაობისას ამერიკელმა ავტორებმა ბრიტანელი კოლეგების გამოცდილება გაიზიარეს და საკუთარი ფილმის სცენარი 1990 წელს, მაიკლ დობსის რომანის მოტივებზე შექმნილი ამავე სახელწოდების მინი-სერიალის მიხედვით შექმნეს. აღსანიშნავია, რომ დობსის "ბანქოს სახლი" არა რიგითი ბულვარული რომანი, არამედ სერიოზული პოლიტიკური ნაშრომია, რადგან ლიტერატურით გატაცებამდე, ავტორი ინგლისის კონსერვატორული პარტიის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა და მარგარეტ ტეტჩერის განსაკუთრებულ მრჩევლად ითვლებოდა, ზუსტად ისე, როგორც ამერიკული ტელევერსიის შემქმნელი ბო უილიამსონი, რომელიც ჯერ თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან და წამყვან პოლიტიკოსებთან თანამშრომლობდა, მერე ჰილარი კლინტონის კამპანიაში მონაწილეობდა, როცა ის სენატორის პოსტის მოპოვებას ცდილობდა.