მართალია, ამერიკულ სერიალთა უმეტესობა დიდი ქალაქის პრესტიჟულ გარეუბანში ცხოვრებას სრულ იდილიად აქცევს, მაგრამ ხშირად რეალობა აბსოლუტურად არ შეესაბამება ეკრანზე ასახულს. ტელესერიალი "დიდი, პატარა ტყუილები", რომელიც 2017 წლის ყველაზე განხილვად ტელეპროექტად იქცა, სწორედ დამკვიდრებულ ტრადიციას არღვევს და ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრების ნაკლებად მიმზიდველ, მანკიერ მხარეს ააშკარავებს.დრამატული სერიალის "დიდი, პატარა ტყუილები" სცენარი ლიანა მორიარტის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა, რომელიც მართალია, თავიდან ტელეფილმად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მოცულობითმა მასალამ HBO-ს, საბოლოოდ მაინც მრავალსერიან ფორმატზე აიძულა არჩევანის გაკეთება. სხვათაშორის, პოპულარული სერიალების მწარმოებელმა კომპანიამ არანაკლებ სერიოზული მეტოქე - Netflix დაჯაბნა კონკურენტულ ბრძოლაში, ეკრანიზაციაზე უფლების ხელში ჩაგდების შემდეგ კი, ტელენოველაზე მუშაობა "დალასის მყიდველთა კლუბის" რეჟისორს ჟან-მარკ ვალეს შესთავაზა, რომელმაც ლიტერატურული პირველწყაროს მოქმედება ავსტრალიიდან შეერთებულ შტატებში გადაიტანა, მთავარი პერსონაჟები კალიფორნიის შტატის ქალაქ მონტერეაში დაასახლა და რამდენიმე სიუჟეტური ხაზიც შეცვალა.