რუსეთი არ განიხილავს აშშ-ს, როგორც პარტნიორს, რომელთანაც მოლაპარაკება შესაძლებელია, ქვეყანამ, ვაშინგტონის, როგორც კონტრაგენტის მიმართ, ნდობა დაკარგა, თუმცა საჭიროა ამ ნდობის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში აშშ-მ აირჩია გზა, "რომელიც მუდმივად შლის მოსკოვ-ვაშინგტონის ურთიერთობებში არსებულ სტრუქტურებსა და მექანიზმებს".
"მოგვიანებით, კი აშშ-მ შეთანხმებები და ხელშეკრულებები ისტორიის ნაგავსაყრელზე გააგზავნა, რაც ძალიან სამწუხაროა", - აღნიშნა რიაბკოვმა.
ცნობისათვის, 6 ივლისს, ღია ცის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ვიდეო კონფერენცია გამართეს, რომელზეც აშშ-ის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე იმსჯელეს. ღონისძიებაზე რუსული მხარე სერგეი რიაბკოვმა წარადგინა.