საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დასავლელი პარტნიორების მიერ გამოყენებული ტერმინი - "პოლიტპატიმრები", იმას ნიშნავს, რომ ისინი ცუდად არიან ინფორმირებული. როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, დიპლომატები საკმარისად ვერ მუშაობენ.
"ეს ნიშნავს რომ ცუდად ინფორმირებულები არიან, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა. საჭიროა, უფრო მეტად ვიყოთ ჩართული ამ ხალხის ინფორმირებაში...შეიძლება, ზოგ შემთხვევაში ეს ნიშნავდეს, რომ ჩვენი დიპლომატები საკმარისად არ მუშაობენ. გამოცდილმა დიპლომატმა იცის, რომ დიპლომატიურად ყველაფრის გაკეთება არ შეიძლება, როცა შენ ხარ რომელიმე საელჩოს ელჩი, ან თანამშრომელი. ამ პერიოდში, როცა აქეთ კოვიდია, აქეთ ემიგრანტების დაბრუნება და მათი ადგილზე დახმარება, რაც ძალიან რთულია, ეს ვიცი პირდაპირი გამოცდილებით და კიდევ ვიღაც სენატორების, თუ პარლამენტარების გამონათქვამები ერთ წუთში არ იცვლება. ეს ყველას გასაკეთებელია და არამხოლოდ საელჩოების, იგივე ჩემი, მეტი შეხვედრები, მეტი აქტიურობაა საჭირო", - განაცხადა ზურაბიშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას სენატორებთან პირადი კომუნიკაცია, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს "მისი დონე არ არის".
"არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი დონე, მაგრამ ვაპირებ ძალიან კატეგორიულად, რომ ყველას მოვთხოვო თავისი მხრიდანაც თავის თავში თავშეკავება გამონახოს. ეს იქნება "ტვიტერის" პასუხებით, თუ პირადი კონტაქტებით", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.