საქართველოს რეგიონების უმრავლესობაში წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური იცვლება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განიხილავს პაკეტს, რომელიც მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების საფასურის 100 ლარით შემცირებას გულისხმობს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში მიერთების საფასური 400 ლარით განისაზღვრა. აქამდე კი 500 ლარი იყო.
რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს, მიუხედავად სამუშაოების სირთულისა, სემეკი მიერთების საფასურს უცვლელად შეინარჩუნებს. კერძოდ, საფასური უცვლელი დარჩება თბილისში, ქუთაისში, ფოთში, რუსთავსა და ბათუმში.
პროექტის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების მსგავსად, წყალმომარაგების სექტორშიც ქსელზე მიერთების დიფერენცირებული საფასურები დაწესდება. აღნიშნული განპირობებულია თვითმმართველ ქალაქებში ქსელზე მიერთების სამუშაოების სირთულის სპეციფიკით.