სემეკმა ორ კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 177 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა.
სემეკი-ს ცნობით, კომისიამ 22 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით 9 საჯარო სხდომა გამართა და 268 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა შეეხებოდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს.
საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს, ასევე კომპანიების დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.
კომისიამ სადავო საკითხების უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა და მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩამოწერილი თანხების ჯამმა 177 ათას 452 ლარი შეადგინა.