ბოლო პერიოდში დოლარის კურსი ყველა მსხვილ ვალუტასთან მიმართებაში ეცემა. მსოფლიოს წამყვანი ვალუტის პოზიციების შესუსტებას საერთაშორისო ექსპერტები ამერიკის პრეზიდენტის მიერ აღებულ ეკონომიკურ კურსს უკავშირებენ. სპეციალისტების განმარტებით, მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე სავალუტო ცვლილებები ჯერ-ჯერობით ლარის კურსზე გავლენას ვერ ახდენს და მოლოდინის მიუხედავად, ქართული ვალუტა დოლართან მიმართებაში ნაკლებად მყარდება.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია აგვისტოს დასაწყისიდან დოლარის ინდექსის ვარდნის შეჩერებას პროგნოზირებს. შესაბამისად, მისი განმარტებით, ახლო მომავალში ლარის კურსის გამყარების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ფინანსისტის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, სექტემბრიდან ეროვნული ვალუტა საქართველოში მნიშვნელოვნად გაუფასურდება. ტურისტული სეზონის გააქტიურება, ექსპორტის მატება და სამომხმარებლო კალათაში იმპორტირებული პროდუქციის შემცირება - ეს ის ფაქტორებია, რაც ზაფხულის პერიოდში როგორც წესი, ლარის გამყარებას უწყობს ხელს. დაეტყობა თუ არა ტურისტული სეზონის გააქტიურება ლარის კურსს სავარაუდოიდ მომდევნო ერთ თვეში გამოჩნდება.